“ერთმანეთის სიყვარულს განსაკუთრებული დღე არ სჭირდება” – მარინა კარპისა და გიგი დედალამაზიშვილის რომანტიკული კადრები

გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. გიგი საზოგადოებამ წლების წინ შეიყვარა, როცა ის სცენაზე კოლეგებთან ერთად მუსიკალური ჯგუფის, “მგზავრების” შემადგენლობაში გამოჩნდა. გიგის დედა, ციცი ფალავანდიშვილი ასევე მუსიკოსია და გიგის ეს ნიჭი მემკვიდრეობით ერგო. დედას რომ გიგის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი აქვს, ამაზე მას არაერთხელ უსაუბრია: “ვგრძნობ, რომ ვარ დედაჩემის ნაწილი, მისი გაგრძელება… ჩემთვის დედა ყველაფერია…დედაჩემი მკაცრი არასდროს არ ყოფილა, ყოველთვის ჩემი მეგობარი იყო, ამისთვის მას დიდი მადლობა… რომ არა დედაჩემი, ჩემი ცხოვრება ასე ფერადი არ იქნებოდა” – ამბობდა გიგი. 

რაც შეეხება მარინა კარპის, ის უკრაინელი ფოტოგრაფია. გიგიმ და მარინამ საკუთარი სიყვარულის ისტორიის შესახებ საჯაროდ არაერთხელ ისაუბრეს. წლების წინ გიგიმ და მისი ჯგუფის წევრებმა სარისკო გადაწყვეტილება მიიღეს, უარი თქვეს სტანდარტულ სამსახურში მუშაობაზე და მუსიკალური კარიერის ასაწყობად უცხო ქვეყანაში წავიდნენ. შრომისა და, რა თქმა უნდა, ცოტა იღბლის წყალობით, ისინი სწორ დროს სწორ ადამიანებს შეხვდნენ და ახალგაზრდა ბიჭებმა ხალხის სიყვარული მალევე მოიპოვეს. ამის პარალელურად, გიგიმ ცხოვრების მთავარი სიყვარულიც სწორედ უკრაინაში იპოვა – იქ გაიცნო მარინა, რომელიც მას საქართველოში გამოჰყვა. მარინა აღნიშნავს, რომ ფოტოგრაფიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, მაგრამ სწავლა არსად გაუგრძელებია. 16 წლიდან მოყოლებული, ფოტოგრაფიის ყველა მნიშვნელოვანი კურსი მოიარა კიევში და შემდგომ 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი ჰქონდა.„16-დან 20 წლამდე ჩემმა ცხოვრებამ ყოველდღიურ გადაღებებში ჩაიარა და უცბად, ბრახ! – მე მას შევხვდი. გიგიმ თავი შემაყვარა, საკუთარი ნებით ჩავხტი ტომარაში და გავფრინდი საქართველოში. 2011 წლიდან ჩემი ცხოვრება ორ ქალაქს – თბილისსა და კიევს შორისაა გადაშლილი. საქართველოში ყველაფერი მიყვარს, იმიტომ, რომ გიგისთანაა კავშირი. ტრადიციები, ხალხი… გიგის მეგობრები უკვე ჩემი მეგობრები არიან. თავს სახლში ვგრძნობ… გიგის ფეთქებადი ხასიათი არ მომწონს, მაგრამ ამის გარეშე არ წარმომიდგენია”, – ამბობდა მარინა.

გიგის და მარინას ორი შვილი ჰყავთ, რომლებთან ერთადაც თბილისში, ულამაზეს სახლში ცხოვრობენ. მარინა ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს საკუთარი სახლიდან. ვიდეოებში შეუმჩნეველი ვერ დაგრჩებათ გამორჩეული ინტერიერი, სიმყუდროვე, მცენარეები და თანამედროვე დიზაინის ავეჯი.

ამჯერად გიგი და მარინა სოციალურ ქსელში რომანტიკულ კადრებს აქვეყნებენ: “ერთმანეთის სიყვარულს განსაკუთრებული დღე არ სჭირდება” – წერს მარინა კარპი.