28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.

ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობელს უკავშირდება.

მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. ასევე, არ არის ცნობილი, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას, ზეთისხილის მთაზე, ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა ღვთისმშობელს ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ზეთისხილის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ.

ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა.

უფალმა, ასევე, ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული ცათა საუსუფეველში თავად უფლის ხელით ავიდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორციელად ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს. 

28 აგვისტოს იკითხება:

ტროპარი:

შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

კონდაკი:

მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაჲ, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაჲ ეგე ცხორებისაჲ, ცხორებად მიცგვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოჲ მარადის ქალწულისა.