რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში 4 შვილის დედას, ნელი ლუხოშვილს ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალს დედაქალაქის ერთ-ერთ პარკში მიაგნეს, უვნებელს, თუმცა პოვნის მომენტში მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

როგორც თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში იყო ნათქვამი, ქალი პოვნის მომენტში იყო სრულიად უმწეო და შეშინებული.

„დაიჯესტს” საბერძნეთიდან ნელი ლუხოშვილის დედა – მაია მიტრუპე დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარის უცნობი დეტალების შესახებ ისაუბრა.

ქალი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მისი შვილის მიმართ, მისი ახლანდელი პარტნიორი კაცის ძალადობა აღმოჩნდა მთავარი მიზეზი, რატომაც ახალგაზრდა ქალმა სახლი და 4 შვილი დატოვა.

მისივე ინფორმაციით, ქალის მეგობარი მამაკაცი არამარტო მის პარტნიორ ნელი ლუხოშვილზე, არამედ მის არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა.

„ჩემი შვილი ამ კაცთან 3 კვირის წინ გადავიდა საცხოვრებლად, ცოლად მოგიყვანეო უთხრა, მაგრამ ოფიციალურად არაფერი ყოფილა. აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილი ძალადობის მსხვერპლი ყოფილა ბავშვებიანად, ბოლო შემთხვევის დროს სახლიდან გაპარულა. ბავშვისთვის დაუბარებია, მე თუ დილას არ დავბრუნდი, მამას დაურეკეთ და წაგიყვანთო. 2 წლის წინ, როდესაც სახლი დაგვეწვა, ბავშვები ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანა, ბავშვებისთვის თავგადაკლული დედაა. ამ ძალადობაზე ნელისგან გავიგე, როდესაც იგი ვიპოვეთ.

ის კაცი, არც კი ვიცი რა ვუწოდო, 5 უმწეო ადამიანს დაესხა თავს, ბავშვებს ვითომ კიკბოქსინგს ასწავლიდა და პატარები, თურმე ამდენი დარტყმისგან, სულ დალურჯებული იყვნენ. ყველაზე პატარა ჰყვება, ნეკნები ახლაც მტკივაო, რომ დამარტყაო.

რაც შეეხება ჩემს შვილს, ის არის პროფესიით მხატვარი და მანამდე სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად, მაგრამ როგორც იმ კაცთან გადავიდა, მუშაობა შეაწყვეტინა.

მოვითხოვთ კატეგორიულად, დაისაჯოს უმკაცრესად. როგორც მაქვს ინფორმაცია გუშინ დააკავეს. ბავშვებიც და დედაც დაზარალებულად არიან ცნობილნი. ჩემი შვილის მენტალური მდგომარეობა, არის მძიმე. სჭირდება ფსიქოლოგი და ფსიქიატრი”,- განუცხადა „დაიჯესტს” ნელი ლუხოშვილის დედამ, მაია მიტრუპემ.

წყარო: “დაიჯესტი”

სხვა ახალი ამბები:

https://split.spnews.io/ka/archives/181027